აიკრძალოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოები: გეორგიევსკის ლენტი, Z- და V სიმბოლოები – ,,ლელოს” ინიციატივა

„ლელო” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტს, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ლელოს” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე თქმით, რუსეთი აგრესიას ახორციელებს არა მხოლოდ იარაღის ძალით, არამედ რუსული პროპაგანდის მეშვეობითაც და ქართველმა კანონმდებლებმა ამაზე თვალი არ უნდა დახუჭონ.

„გაგაცნობთ ,,ლელოს” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რუსული რაშიზმის აგრესიული პროპაგანდის სიმბოლოების აკრძალვას შეეხება.

დღეს, როცა თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში იმისთვის, რომ თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი დაიცვას, ყველას გვესმის, რომ ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული გზავნილებით და პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით რუსეთის აგრესიის და პუტინის რაშიზმის გამართლება, დაცვა არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას. ასეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, ეს არის წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ საჯარო სივრცეში ჩვენს ქვეყანაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენება ასევე ჩვენი აზრით უნდა გახდეს დასჯადი ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა სამადაშვილმა.