ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთ ოლიგარქს, საერთაშორისო პარტნიორები ამას აღიქვამენ როგორც საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას – თინა ბოკუჩავა

ხელისუფლება უზურპირებულია და ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთ ოლიგარქს, საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაზე, რომელიც მისი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ისინი ეძახიან პრაგმატულ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს არის მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელი. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, ეს ძალიან კარგად ესმით მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც წლებია აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროატლანტიკური პერსპექტივა.

ახლა განსაკუთრებით უკრაინასთან ერთად არსებობს ამის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, მაგრამ სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არის ძალიან მაღალი შანსი იმის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენოს, ამიტომ ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა არ დაკარგოს. როცა ასეთი მწვავე ვითარებაა რეგიონში და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც არის ძალიან მძიმე, საქართველოს ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია არის ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ეს გადის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარეზე, როცა ხელისუფლება მათ ძირს უთხრის მიზანმიმართულად, ხელისუფლება არის უზურპირებული და ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთი ოლიგარქის მიმართ, საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მათ შორის სტრატეგიული პარტნიორებისთვის“,- განაცხადა ბოკუჩავამ.