რომან გოცირიძე – ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა გულუბრყვილობაა, ბოიკოტი არის ზარმაცების თავშესაფარი

ბოიკოტი არის ზარმაცების თავშესაფარი, უშრომელი შემოსავლის წყარო –  ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტის გამოცხადება ,,ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს.

„რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, თუკი ვინმეს ბოიკოტი გაუხარდება, გაუხარდება “ქართულ ოცნებას”. ძალიან უჭირთ კითხვარის შევსება და თუ განტევების ვაცის და გადაბრალების ობიექტის მოძებნა მოუწევთ, ეს იქნება ე.წ. დესტრუქციული “ნაციონალური მოძრაობა”. ბოიკოტით პრობლემების გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?!- ილუზიაა ეს. ბოიკოტი ეს არის ზარმაცების თავშესაფარი, ეს ნიშნავს, მოხვიდე ხელფასი აიღო და არ იმუშაო. არ არის ეს სწორი, რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს სხვა საკითხია, განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ამას უნდა სერიოზული აწონ-დაწონვა, ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას და მერე რა თქმა უნდა, გეტყვით ჩემს აზრს, მაგრამ ბოიკოტი თვითდაზიანებაა, ამას ვამბობ ჩემი 30 წლიანი გამოცდილებით. ბოიკოტი უშრომელი შემოსავლის წყაროა, დატოვება სერიოზულად ასაწონ-დასაწონი საქმეა, რას კარგავ და რას იგებ, ამ წუთას ეს არ დგას დღის წესრიგში და არც ჩემი პოზიციაა ამ წუთას ამაზე ჩამოყალიბებული. ბოიკოტზე მკვეთრი წარმოდგენა მაქვს და ის თუ ვინმეს გაახარებს, ვინმეს წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს “ქართული ოცნებაა”, ელოდებიან სხვათაშორის, ძალიან დაზუსტებული შიდა ინფორმაცია მაქვს, ელოდებიან, როდის დაისვენებენ ჩვენგან და როდის გავხდებით მათი მხრიდან დასაცინი თუ კრიტიკის ობიექტი,”- განაცხადა გოცირიძემ.