20 წლის ჯარისკაცს გიორგი კობალაძეს რამდენიმე საათია სურამის ტყეში ეძებენ – ნაპოვნია თოკი და ნივთები

20 წლის ჯარისკაცს გიორგი კობალაძეს რამდენიმე საათია სურამის ტყეში ეძებენ. ოჯახის ახლობლების თქმით, ტყეში კობალაძის ნივთები და ხეზე ჩამოკიდებული თოკი იპოვეს.

კობალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სოციალურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, მან თამაში დაიწყო და ვალები დაიდო.

„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ე.ი. აღარ ვარ. ალბათ, ყველა იტყვის, ნეტა რატომ გადაწყვიტა ამ უბედურმაო, ეცოცხლა ცოტა ხანიო. განა ვინმეს ვალი მაქვს, არა, მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ისე სწორად და ადამიანურად, როგორც მე შემეფერებოდა… ვიცი, ამ გადაცდომით ნერვიულობას გადავყვები და ათას რაღაცას გავაკეთებ, მირჩევნია დაგემშვიდობოთ. ნუ დაგწყდებათ გული, ბედნიერი კაცი ვიყავი აქამდე. დღეს დილას ჯარში წამოვედი, უნდა გამოვცხადებულიყავი და იცოდეთ, რომ ვერ გამოვცხადდები. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში. ოღონდ მიპოვით მკვდარს. დედას მივმართავ, ვიცი, მაგრად გიყვარვარ, მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ“, – ამბობს 20 წლის ჯარისკაცი ვიდეოში.