სასამართლო პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის ინფორმაციით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ ელიეშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას ეხებოდა. მოსამართლის განმარტებით, ადვოკატების შუამდგომლობა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე ვერ დაკმაყოფილდა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებას წერილობით დამატებით მიმართავენ.

„განჩინების ფარგლებში, რომელიც 23 თებერვლის სხდომაზე გვაქვს მიღებული, დამატებით წერილის სახით მივმართავთ პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვთ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება. შუამდგომლობაზე რომ დამატებით ვიმსჯელოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტაცია უნდა გვქონდეს”, – აღნიშნა ნინო ელიეშვილმა.