21-ე საუკუნეში ,,ევროპის სახალხო პარტიის” მოწოდება არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ გარდაიცვალოს – პაატა მანჯგალაძე

21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს ,,ევროპის სახალხო პარტიის” მოწოდება, რომ სერვისის არმიღების გამო, მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს სახალხო დამცველის კონსილიუმის შეფასებას, რომ სააკაშვილს სამედიცინო სერვისი სჭირდება, ასევე მისი ექიმების განცხადებებს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგი.

,,მესამე პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო სერვისის მიღება. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები ამბობენ, ამ სერვისის მიღება მაღალი ხარისხით შეუძლებელია და ითხოვენ საზღვარგარეთ მის გადაყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს ციხეში არასათანადო სერვისის არარსებობის გამო. “ქართული ოცნების” ამოცანაა მესამე პრეზიდენტი გატყდეს შინაგანად, ფიზიკურად და მორალურად”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ,,ევროპის სახალხო პარტია” მმართველ პარტიას მოუწოდებს, სააკაშვილის საქართველოს ან საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა მოხდეს.