სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს – გურამ მაჭარაშვილი

საერთაშორისო სასამართლომ „რუსთავი 2″- ის საქმეზე სახალხო დამცველის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, თუ ნიკა გვარამიას საქმე წავა საერთაშორისო სასამართლოში, ანალოგიური შემთხვევა გვექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არადამაჯერებელი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

„ზედმეტი, მოჭარბებული ემოციები და პოლიტიკური განცხადებები არის უსაფუძვლო, ამ ყველაფერს წინ უსწრებს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, რომ ,,რუსთავი 2″ არაკანონიერად იყო მიტაცებული, არის ობიექტური და სამართლიანი. მგონი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს ის, რომ საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს. საუბარი მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე უკვე არის მიუღებელი მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციას და მათ, ვინც ამბობდა რომ კანონიერად ფლობდა ,,რუსთავი 2″- ს, გადასცეს სავიზიტო ბარათი, რომლითაც დადგინდა, რომ არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედიასაშუალებებს, ამ ფონზე არავინ დაიჯერებს პოლიტიკურ დევნას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ,,მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას, დღეს სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.