,,ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო” – წულუკიანი ნიკა გვარამიაზე

არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, განაჩენი ამბობს, რომ ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი.

„განაჩენი ამბობს ასევე, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ ციხეში. შესაბამისად, ის იქნა დაკავებული სასჯელის მოხდის მიზნით, ეს არის სამართლებრივი რეალობა. არ გამიკვირდება, რომ ის პირები, ვისთანაც თავის დროზე ჩვენ დავას ვაწარმოებდით სტრასბურგის სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა.