,,საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით, შესაბამისად, მთავარი გამოსავალია ამ ოლიგარქის სანქცირება” – ელენე ხოშტარია

“ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება”,- ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

“ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც რუსეთის აგრესია გულისხმობს, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ცხადია, ვისაუბრებთ დემოკრატიის იმ უდიდეს გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოშია – პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლოზე, მედიის თავისუფლების საფრთხეზე ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ. ყველა ის ფუნდამენტის ნგრევაზე, რაც საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ხდება. რეფორმებზე ლაპარაკი ზედმეტია. არათუ რეფორმები, არამედ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგრესი, რაც დღევანდელ სამყაროში არის გადაჯაჭვული უსაფრთხოების პრობლემებთან. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება”,- განაცხადა ხოშტარიამ.