,,ზოგი ოპოზიციური პარტია ფაცი-ფუცით არის დაკავებული, მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობენ ის პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებსაც „თითი თითზე არ დაუდიათ ინტეგრაციისთვის“. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის მიმართ, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხს უკავსირდება.

მისივე თქმით, 2020 წელს, როდესაც მმართველმა გუნდმა საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება გამოაცხადა, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩაეშალათ, დღეს კი ცდილობენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

„ საზოგადოება და „ქართული ოცნება“ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება ზოგ ოპოზიციურ პარტიას, სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები. ჩვენ მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ იმისთვის, რომ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება. მეორდება სიტუაცია, ეს არის დეჟავუ, რომელიც იყო ვიზალიბერალიზაციის დროს. ნებისმიერ ადამიანს, რომ ჰკითხოთ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მათ შორის, ევროკავშირში შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს, ყველა გეტყვით, თუ როგორც ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეშალა ვიზალიბერალიზაცია. მოუწოდებდნენ, რომ არ მიეცათ, დღესაც ამით არიან დაკავებულები“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.