საზოგადოება „ქოცებად“ და „ნაცებად“ გყავთ დაყოფილი და ფაქტობრივად ერთმანეთს აჭმევინებთ – იაგო ხვიჩია უმრავლესობას

„საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე თუ შეექმნება, ამაში ოპოზიცია ფიზიკურად ვერ იქნება დამნაშავე“, – ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, უმრავლესობა ევროპელებთან დადებულ შეთანხმებებს არ ასრულებს და უხეშად გამოდის იმ კონტრაქტებიდან, რომელიც ყველამ ერთად დადო.

„ამჯერად ვეცდები აგიხსნათ და საზოგადოებას ავუხსნა თქვენ რაში უშლით ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. პირველი – თქვენ გაქვთ მოწყობილი ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში ანუ არაევროპული მმართველობა ანუ ახლა აწმყოში თქვენ ხართ დამნაშავე.

თქვენ არ ასრულებთ ევროპელებთან დადებულ შეთანხმებებს და საკმაოდ უხეშად გამოდიხართ იმ კონტრაქტიდან, რომელიც ყველამ ერთად დავდეთ დასავლეთთან. თქვენ არავის არაფერზე სერიოზულად არ ელაპარაკებით, მაგალითად თუნდაც ის, რომ საერთოდ არ ვიცით რა ვალდებულება ავიღეთ ევროპელებთან და საერთოდ ამაზე დისკუსია არ გვაქვს. თქვენ კლავთ ყოველგვარ დისკუსიას და მსჯელობას, თქვენ სასამართლო პირადი შურისძიების იარაღად აქციეთ და არ ერიდებით შეუსაბამო ადამიანების მოსამართლეებად დანიშვნას თუ ის ლოიალურია თქვენს მიმართ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს „ნაცებს“ ეძახის და „ნაცებს“ განმარტავს როგორც ბოროტების სინონიმს.

„თქვენ ეძახით ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს „ნაცებს“ და „ნაცებს“ განმარტავთ ყოველგვარი უკეთურობის და ბოროტების სინონიმად. თქვენ გაიძახით, რომ ამ ბოროტების წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებით მაშინაც კი, როცა იძულებული ხართ შეუერთდეთ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სწორედ თქვენ მოგიწოდებთ მკაფიო და მორალური პოზიციის დაფიქსირებისკენ. სწორედ თქვენ მიიყვანეთ აქამდე საქმე. თქვენ ვერ ან არ ხვდებით კონტექსტს იმისა თუ რა ხდება დღეს სამყაროში და ამ კონტექსტის საწინააღმდეგოდ იქცევით.

სწორედ თქვენ გაქვთ პოლიტიკური ჭაობი მოწყობილი ქვეყანაში, სადაც მკვდარია ნებისმიერი პოლიტიკური ცხოვრება და არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება არცერთ ფორმალურ ორგანოში, მათ შორის აქ სადაც ახლა ჩვენ ვსხედვართ.

აქედან გამომდინარე მხოლოდ თქვენ ტოვებთ ამ ქვეყნის მომავალს მხოლოდ წინაპრების წარსულის დამსახურებების იმედად და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ აწმყოში სათქმელი და საამაყო არაფერი გვქონდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან. სწორედ ამის შემდეგ გინდათ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოთ, ყველამ იცი ჩემი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილში ახლა მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე. შეიძლება ოპოზიცია წარსულში იყო, მაგრამ ახლა თქვენ ხართ დამნაშავე“, – აცხადებს ხვიჩია.