დავით ბერძენიშვილი – კობახიძისნაირი მეჩაიე დაბუტატები ვერ დაგვამარცხებენ, გაცილებით მეტ უფლებას ვაძლევ თავს პარლამენტის ამ დარბაზში, ვიდრე ერთჯერადი, მეჩაიე დეპუტატი

„რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები დავით ბერძენიშვილი  „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს იგი კობახიძეს „არ ეტოლება”.

„არ ვეტოლები, იყოს უფრო მაგარი. კობახიძეების ოჯახი იყოს უფრო მაგარი, ვიდრე ბერძენიშვილების, უბრალოდ 44 წლის წინ შევქმენით რესპუბლიკური პარტია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით… ამ დარბაზში დამოუკიდებლობას აქტს მოვაწერე ხელი. გაცილებით მეტ უფლებას ვაძლევ თავს ამ დარბაზში, ვიდრე ერთჯერადი, მეჩაიე დეპუტატი – არ იქნება ივანიშვილი არ იქნება „ქართული ოცნებაც”

„ეს არის გახელისუფლებულ „ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს, როცა არაგაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, ბუნებრივია, მაშინ რასაც დაგავალებენ იმას იტყვი.

ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ.”- ამბობს დავით ბერძენიშვილი.

ამასთან, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, ერეკლეს ქება და ლევანის ძაგება ამ ვითარებაში ანტიდასავლელობად, პრორუსობად აღიქმება.

„ლევანის ლექციის 90 პროცენტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების კრიტიკას ეძღვნება. ანტიდასავლური კამპანია წამოიწყეს და პატრიოტიზმად გვასაღებენ პრორუსებს. ივანიშვილს, ღარიბაშვილს ეხებოდა ეს კრიტიკა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზდა და ვასიკო მაღლაფერიძეს შეუკვეთა ეს უგვანი სტატია“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ – ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

მისივე თქმით, „ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ – ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო”.

6 ივნისს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი თავს დაესხა.