ირაკლი კობახიძე: პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს

„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ, მაგალითად, რამდენიმე შედარება მოიყვანა:

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილისა და გვარამიას დროს მედია ყაჩაღური ფორმით სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება. 2012 წლიდან, საქართველოში ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო. მოქმედებს 14 ეროვნული ტელემაუწყებელი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი 3 ტელევიზია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-12 წლებში ხალხისთვის წართმეული, ნაძარცვი ფულით ფინანსდება. ფუნქციონირებს ათეულობით სხვა, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია თუ უამრავი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ახალი ტელევიზიის დაფუძნება, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. აღარავინ იჭრება ტელევიზიებში და ჟურნალისტებს აქვთ მოვლენების გაშუქების სრული თავისუფლება. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა. პირველივე წლებში, 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მხოლოდ ეს სტატისტიკაც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა. საქართველოში რუსეთის ექსპანსიის პროცესი მხოლოდ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეჩერდა. ესეც არის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში: ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, განხორციელდა უამრავი რეფორმა, რომელთა წყალობითაც დღეს საქართველო წინ უსწრებს უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირის წევრ თუ წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანასაც კი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, ევროკავშირთან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.