კახა კალაძე: როდესაც ხდება რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ შეურაცხმყოფელ რეზოლუციას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

„როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

იგი ასევე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის მცდელობა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, შედეგს ვერ გამოიღებს და ქვეყანა ამ სტატუსის მოპოვებას შეძლებს.

„ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს. მოლოდინებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.