ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორია განახლდება

ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს.

„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება.

„აღნიშნული პროექტის შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.