ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებას, პოლიტიკურ პოლარიზებას და სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას ეხება. ასამბლეა საქართველოში არსებული ვითარებით შეშფოთებულია და მთავრობას მოუწოდებს, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას.

„ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს საფუძვლიანი, სასამართლო სისტემის რეფორმების დამოუკიდებელი შეფასება მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, ქვეყანაში ჭეშმარიტი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.

იგი ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედია გარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.

ასამბლეა, მოუწოდებს ხელისუფლებას უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის.” , – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.