“ხდება დისკრიმინაციული მიდგომა”-პრემიერმა შს მინისტრს დავალება მისცა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დისკრიმინაციაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. კვირიკაშვილის თქმით, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს არ უშვებენ.

“მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ

ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერის დავალებით, კვირიკაშვილის თანაშემწე ადამინიას უფლებების საკითხში სოფიო ჯაფარიძე შეისწავლის რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

კომენტარის დატოვება