საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია | ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.

მისივე თქმით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

საქართველოს ელჩო სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

“ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან,” – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა.

შეგახსენებთ, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.