“43 დაზარალებულიდან არცერთი არ ამბობს, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული… ის ცხოვრობდა ზუგდიდში და ბათუმში. გადაადგილდებოდა თავისუფლად” | ესებუას ადვოკატები

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდვასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატები აცხადებენ, რომ 43 დაზარალებულიდან არცერთი არ ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში დამნაშავე ბადრი ესებუაა.

“მიუხედავად იმისა, რომ 43 დაზარალებულია, ამ 43 დაზარალებულიდან არცერთი ადამიანია არ საუბრობს ბადრი ესებუაზე, არანაირად არ უთითებს რაიმე ფორმით, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატებმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებამდე ესებუა ცხოვრობდა, როგორც ბათუმში ისე ზუგდიდში, ასვევე, გადადიოდა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

“იმის თქმა, რომ ის იმალებოდა არაა მართებული, იმიტომ რომ ის ცხოვრობდა როგორც ბათუმში, ასევე ზუგდიდში, გადაადგილდებოდა თავისუფლად, უბრალოდ მას ეშინოდა, რომ სახელმწიფო მას დასჯიდა სამაგალითოდ. საქმის მასალებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ თითქოს ბადრი ესებუა 3 000 ლარს ინახავდა ქილაში და ისე გადაადგილდებოდა, თუ ვინმეს ამის სჯერა, კი ბატონო , გასაგები იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, ბადრი ესებუა არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს იმყოფებოდა ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში და მას არ ჩაუდენია დანაშაული” – აცხადებს ნიკა მემანიშვილი.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.