ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ | თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა თავდაცვის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო სამსახურში სტუდენტებს მხოლოდ მათი სურვილის შესაბამისად გაიწვევენ.

უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები გამოთქვამენ სავალდებულო სამსახურის გავლის სურვილს, ისინი მომზადებას მხოლოდ არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე გაივლიან.

ახალი კოდექსით, სტუდენტებს, ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:

  •  თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;

  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.