„აქცია მშვიდობიანი იყო და ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა” – სახალხო დამცველი 7-9 მარტის აქციებს ეხმაურება

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 7-8 მარტს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ლევან იოსელიანის თქმით, 7 მარტს აქცია მშვიდობიანი იყო და  მისი დაშლის საფუძველი არ არსებობდა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ 8 მარტს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველების რეაგირებას აქციის მონაწილეების „ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად”, თუმცა სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება არალეგიტიმურად გაგრძელდა.

სახალხო დამცველის ამბობს, რომ აქციაზე დაკავებულ რამდენიმე პირს დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ომბუდსმენის აპარატმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

იოსელიანი საგამოძიებო უწყებებს, ჟურნალისტების დაშავების ფაქტზე ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ცალკეულ პირთა, პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიისა თუ ძალადობის აქტები, არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობდნენ.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევას, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის მშვიდობიან მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება, უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

პარლამენტის შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება. თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.