„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას“ – სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თითქმის 20 წელია, ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილის მოწმენი ვართ. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის განმავლობაში.

 

დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მის ახალ და ადვილ სამიზნედ გახდეს. 2024 საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. გვაქვს ყველანაირი პირობა, წარმატებით შეხვდეთ ამ თარიღს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.