ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის პროცესი გადაიდო

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს, რის გამოც, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ესებუას პროცესი გადაიდო.

პროკურატურა ბადრი ესებუას საქმის მასალებისთვის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხების დართვას ითხოვდა.

როდის გაიმართება ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა, უცნობია.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.