პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა,-  ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას.

“დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას “თუ არ იზამთ, ის მოხდება” და “იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება”. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება “,-  აღნიშნა პრეზიდენტმა.