სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს  სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

„ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.