კარგი იქნება, თუ ნიკა მელია წყენას დაივიწყებს და „გამარჯვების პლატფორმას“ შემოუერთდება- პაატა მანჯგალაძე

არაფორმალური მმართველობისას პირი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, გეუბნება, რომ პასუხებით დაგიბრუნდება, ხაბეიშვილი პასუხებისთვის სადმე წასული არ მინახავს – კარგი იქნება, თუ მელია წყენას დაივიწყებს და ამ პლატფორმას შემოუერთდება,- ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებებს „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე და დავით კეზერაშვილის არაფორმალურ მართვაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას წყენა ალაპარაკებს და ქარის წისქვილებთან ბრძოლა სწორი არ ჰგონია.

„ლევან ხაბეიშვილის და ვაშაძის ურთიერთობას რაც შეეხება, პირადად მეც ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებებში, საბოლოო შეხვედრას მეც ვესწრებოდი და იმის უკან გარიგებაზე ლაპარაკს მე არ მოვსწრებივარ და არ შემიძლია დავადასტურო. საერთოდ, საუბარი იმაზე, რომ რაღაც არაფორმალური მმართველობა არსებობს და მთავარი ბრძოლის ხაზი რუსეთზე და გარუსებაზე კი არ გადის, არამედ ქარის წისქვილებს ებრძოლო და ზაზა გოროზია და ივანიშვილი ქვეყნისთვის ერთნაირ პრობლემად გამოაცხადო, მგონი არასწორია. მე არ შევხვედრივარ არსად არც ვანო მერაბიშვილს, არც ადეიშვილს, არც კეზერაშვილს და როგორ ვრცელდება ეს გავლენები წარმოდგენა არ მაქვს.

მე არ მქონია არც ერთი შემთხვევა შეხვედრებზე, რომ ლევან ხაბეიშვილს რომელიმე პრინციპულ საკითხზე ვინმესთან დაერეკა, იქვე ვიღებდით გადაწყვეტილებებს. არაფორმალური მმართველობაზე წამიკითხავს და ვიცი, ასეთ დროს პირი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. გეუბნება, რომ პასუხებით დაგიბრუნდება, ხაბეიშვილი პასუხებისთვის სადმე წასული და დაბრუნებული არ მინახავს, იქვე იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ კულუარულ მმართველობას აქვს ადგილი.

მე მესმის ადამიანურად ნიკა მელიასი, ჩვენ შიდაპარტიული დემოკრატიის დიდი გამოცდილება და კულტურა არ გვაქვს, ადამიანი როცა მარცხდება, აქვს პირადი წყენა და ადამიანურად მისი მესმის, რადგან რაღაც პროცესი ამან შეიძლება განსხვავებულად დაგანახოს. ვფიქრობ, ეს განცხადებები პირადი წყენით არის გამოწვეული. არ მინდა მასზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემზე ისაუბრა და თქვა ხშირადაა ტელევიზორშიო. ხშირად იმიტომ ვარ, რომ არ მეზარება მედიასთან მუშაობა, არც მოქალაქეებთან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რაც ჩემზე თქვა, ამაში ირონია არ ყოფილა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას ხმა მნიშვნელოვანია, ყოფილი ლიდერები არ არსებობენ, ნიკა მელია არის ოპოზიციის ერთ- ერთი ლიდერი, კარგი იქნება, თუ წყენას მალე დაივიწყებს და შემოუერთდება ამ პლატფორმას,”– განაცხადა მანჯგალაძემ.