„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი” – ანა წითლიძე

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი. გომელაურს ინტერპელაციაზე მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი. თქვენ იცით, რომ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც დასამალი აქვს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. შს მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან გააკეთა ის განცხადებები მას შემდეგ, რაც ის ჩავიდა შემთხვევის ადგილზე. საზოგადოება და დაღუპულთა ოჯახები იმსახურებენ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე – რამდენად შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. სტიქიური უბედურებებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი და საქმე სტიქიური უბედურებების დროს არის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე რამდენად შესაძლებელი იყო პრევენციული სამუშაოები იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინასწარ სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებით, დაგვიანებული იყო თუ არა შემდეგ უკვე სამაშველო სამუშაოები და რატომ დაიწყო ის სამი საათის დაგვიანებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ არ იყო საჭირო მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის მიემართა, რატომ შეწყვიტეს ღამით ვერტმფრენით სამუშაოები მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს პირველი ღამე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღუპნენ და რამდენად არის სახელმწიფო მზად, რომ კიდევ თუ მსგავსი რამე დაემუქრება საქართველოს მოქალაქეებს მოახდინოს შესაბამისი პრევენცია. ეს არის ის კითხვები, რომელსაც ჩვენ დავუსვამთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ინტერპელაციაზე მას მოუწევს გვიპასუხოს ამ კითხვებზე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.