“მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა დამაკავოს ოლქის რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ხუთშაბათს ნებაყოფლობით გამოცხადდეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე წაუყენეს, – ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა ნებაყოფლობითი ჩაბარების გეგმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-შიც დაადასტურა. “ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა დამაკავოს ოლქის რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა, ფანი უილისმა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს.