“სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან“ – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც ევროკავშირის სავარაუდო წევრი, კანდიდატი ქვეყანაა.

„რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებასა და გაწევრიანების პერსპექტივას, აქ არის ორი მხარე: 1. თავად ევროკავშირი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც ობიექტური, ასევე პოლიტიკური განზომილება. შარშან ეს განზომილება ქართულმა საზოგადოებამ მწარედ იწვნია, როდესაც ევროკავშირის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ, რომ ლიდერ ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ლიდერის უკან მდგომ ქვეყნებს მიენიჭათ. ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა ამიტომ გვიჭირს. გარდა ობიექტური, განზომადი კრიტერიუმებისა, შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემები, სხვადასხვა ქვეყნიდან, ამის არც განჭვრეტა შეგვიძლია წინასწარ და სამწუხაროდ, ზოგიერთ საკითხზე არც რაიმე ზემოქმედება. მე-2 მხარეს დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე არის ის, რომ კეთილსინდისიერად მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც ევროკავშირის სავარაუდო წევრი, კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ვართ ლიდერები ბევრი მიმართულებით: ეკონომიკური განვითარება თუ ინსტიტუციური მოწყობა. მთავარია, რომ ვიყოთ საზოგადოების წინაშე პირნათელი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, სამწუხაროდ, ამაზე ვხედავთ, რომ გავლენა არ გვაქვს და ასევე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.