ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში – მაიკლ კარპენტერი

ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში – თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ ეს რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„მსურს გიპასუხოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პერსპექტივიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. ეს საქართველოს დემოკრატიულობის გაღრმავებასთან ერთად, არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიისგან ოქტომბერში ანგარიში არის მოსალოდნელი და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, ახლა არის დრო, როცა ადამიანი იფიქრებდა, რომ ხელისუფლება გააორმაგებდა ძალისხმევას, რომ ყველა ქვა იქნებოდა გადაბრუნებული, შესაძლებლობების ამ ფანჯარაში გასასვლელად გზის საპოვნელად, რაც შეიძლება აღარ გაჩნდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომავალში.

ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო – 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოიაზრებს ისეთ პუნქტებს, როგორიც არის მედია პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია – ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძალისხმევას, მაგრამ ეს დამოკიდებულია აქ მყოფ ადამიანებზე“, – განაცხადა კარპენტერმა.