რაც შეეხება უსაფრთხოების პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, ამას სრულად ახორციელებს საქართველოს მთავრობა და ამაში სრული ნდობა აქვს ჩვენს მთავრობას – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის განთავსების საკითხზე, პარლამენტში რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც მათი სრული ნდობა აქვს.

„არ ვიცი, რა არის დაინიცირებული, რაც შეეხება უსაფრთხოების პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, ამას სრულად ახორციელებს საქართველოს მთავრობა და ამაში სრული ნდობა აქვს ჩვენს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება თუ უსაფრთხოების სამსახურები. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით მარგინალურ ოპოზიციონერებს რომ ჰქონდეთ რაიმე ჯანსაღი აზრი ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებდნენ,”– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რეზოლუციის მიღების საჭიროებას, თუნდაც, მმართველი გუნდი რატომ არ წარადგენს ასეთ რეზოლუციას, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საჭიროებას ვერ ხედავენ.

„არა, საჭიროებას არ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის პარლამენტის რეზოლუციებით, სამთავრობო პროგრამის და ზოგადად იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გვაქვს, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. მკაფიოა ეს გეგმა და პოლიტიკა და მას მივყვებით,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.