“ის დრო ნამდვილად აღარ არის, როცა ვეტოზე იყო ამტყდარი პანიკური მდგომარეობა…”

პრეზიდენტმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

პრეზიდენტის ვეტოს უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გამოეხმაურა და განაცხადა:

-„არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ვეტო მოენატრა და ახლა ამიტომ გამოიყენა ეს უფლება-თქო, თუმცა, არც ეს არ არის შორს,  მაგრამ ამ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმ ნაწილზე, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. ეს ეხება მოსამართლეების არჩევას, გამოსაცდელ ვადას და ა.შ. მოხდება ამის თავიდან განხილვა. თუ ჩვენ შევაფასებთ, რომ მიზანშეწონილია მისი ცვლილებების გაზიარება, გავიზიარებთ ამ ცვლილებებს. თუ არ გავიზიარებთ, ის დრო ნამდვილად აღარ არის, როცა ვეტოზე იყო ამტყდარი პანიკური მდგომარეობა – დაძლევენ თუ ვერა, „რესპუბლიკელები” მისცემენ თუ არა ხმას და ა.შ. ახლა ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდ და ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებლად იქნება ყურადსაღები ის შენიშვნები, რომლებიც მან გადმოაგზავნა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”– განაცხადა  ქანთარიამ.

კომენტარის დატოვება