„ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თქვენ აღარ წყვეტდეთ დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებს!“

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

პასუხი ბატონ სოზარ სუბარს

შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის პროექტის შესახებ

რთულია ისაუბრო დევნილთა მდგომარეობაზე იმ ვითარებაში, როცა საქართველოში ისედაც უმძიმესი სოციალური ფონია. მითუმეტეს რთულია, როცა ჩვენს ქვეყანაში ასევე მწვავედ დგას საზოგადოებრივი სოლიდარობის საკითხი.. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა გზა გვაქვს აქამდე გამოვლილი, ჩვენ (დევნილი მოსახლეობა) მუდმივად მზად ვართ ასევე ვიყოთ სოლიდარულნი იმ პირთა მიმართ, ვინც ასევე ებრძვის უსამართლობას და უკანონობას.

რთულია აუხსნა მინისტრს თუ რიგით მოქალაქეს, რომ დევნილი არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც (მოქმედი კანონმდებლობის თანახმად) იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, ძალადობის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დევნილი – ეს არის პოლიტიკური სტატუსი, რომელიც ამ სტატუსის მქონე პირს უნარჩუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე. ამ ყველაფრის ახსნა გვიწევს მათთვის, ვისაც თანამდებობრივად ევალებათ აღნიშნული საკითხების ცოდნა.

განსახლების და დევნილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის პროექტი უკანონო და იურიდიულად გაუმართავია, ის სრულად უგულვებელყოფს საკითხის პოლიტიკურ ასპექტს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, ვერ ასხვავებს პოლიტიკურ სტატუსს სოციალურისგან, ეწინააღმდეგება დევნილთა შესახებ კანონს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს, მათ შორის გენდერული ნიშნით.

პროექტი არც ეკონომიკური, არც სოციალური კუთხით არ არის იურიდიულად დასაბუთებული, ვინაიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ არის წინაპირობა და არგუმენტი იმისა, რომ სახელმწიფომ არ იზრუნოს დევნილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უფრო მეტიც, დევნილთა კანონი მოითხოვს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში.

ჩამოთვლილი ნაკლოვანებები დასაბუთებულ იქნა მრავალგზის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი იურისტების მიერ. ერთ-ერთი მათგანი (ავტორი პროფესორი ლ.გაბისონია) გამოქვეყნებულ იქნა ჩემს პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ.

აღნიშნული რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს მის შექმნაზე მომუშავე პირთა დაბალ კვალიფიკაციაზე, რაც ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს მაღალჩინოსანთა კვალიფიკაცია არ შეესაბამება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს.

მინისტრის, ბატონი სოზარ სუბარის მიერ ბოლო დღეებში მიცემულ ინტერვიუებში გახშირდა მის მიერ შეძლებულ დევნილებზე და სხვადასხვა დაუსაბუთებელ ციფრებზე თუ უსაფუძვლო ფაქტებზე აპელირება, რამაც არადევნილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და შედეგად აგრესიულად განაწყო დევნილთა მიმართ, რაც აისახა ზოგიერთ გამოხმაურებაში. ბატონ მინისტრს შევახსენებ, რომ მას თანამდებობრივად მოეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე საჯარო განცხადებებში, ასევე შევახსენებ რომ მან პოლიტიკურ არენაზე სახალხო დამცველის პოსტიდან გადაინაცვლა, დღეს კი სწორედ მისი უწყების მიერ წარმოდგენილი რეფორმის პროექტში დაანონსებული ადამიანთა უფლებების დარღვევების წინააღმდეგ გვიწევს სამართლიანობისთვის ბრძოლა.

მივმართავ რეფორმის ავტორებს – ჩვენ, დევნილი საზოგადოება, არ შევწყვეტთ ბრძოლას ჩვენი უფლებების დასაცავად! გაძლევთ პირობას, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ შედეგისთვის, რომ თქვენ აღარ წყვეტდეთ დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებს!

კომენტარის დატოვება