საღი,პრაგმატული, განათლებული ადამიანების ერთობა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

ყოველგვარი უწესრიგობა იწყება გონების არევითა და ბოდვითი იდეების გაბატონებით ადამიანებზე.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა იმპერიის დასასრულის წინ საზოგადოება საოცარმა აზრებმა შეიპყრო.

მახსოვს ერთხელ ერთი ცნობილი მხატვრის სახლში შევიკრიბეთ.

შეკრება იმ დროისათვის მეტად გავრცელებულ რელიგიურ-მისტიურ-ეთნოცენტრულ თემებს ეძღვნებოდა.
თხუთმეტამდე ადამიანი ვიყავით და ჩემს და ერთი კაცის გარდა ყველას ჰქონდა საკუთარი თეორია.
აქედან ოთხი ქართულ ანბანის ინტერპრეტაციებს ეხებოდა, იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ქართული ანბანი 300.000 წლის წინ შექმნეს ლაზმა ქურუმებმა,სამის მიხედვით ბიბლია საქართველოზეა დაწერილი.განსაკუთრებით დამამახსოვრდა ვერსია,რომ ბიბლია ქალდეურად იყო შექმნილი და სემიტებმა მოგვპარეს.

საუბარი შეეხო იმასაც,რომ ქრისტე იშიფრება,როგორც ქართველი,რანი, იმერი,სვანი,ტაოხი და ეგრი.
ერთ-ერთმა ქალბატონმა (დღესაც აქტიურობს),თავისი ხილვები ქართველთა წარმოშობის შესახებ პლანეტა იუპიტერს დაუკავშირა.

ყველა საუბარს წითელ ხაზად გასდევდა აზრი,რომ სამყაროს ცენტრი საქართველოა.
დაშლის შემდეგ სახლში ჩემსავით უთეორიო კაცმა წამომიყვანა,რომელმაც გამიმხილა,რომ კოსმოსიდან იღებს მითითებებს,შემდეგ აურობინდო გჰოშის წიგნი(მაშინ უიშვიათესი რან იყო) მენათხოვრა ერთი თვით და დღემდე არ მინახავს.

კარგა ხნის შემდეგ მივხვდი,რომ ამგვარი იდეების მასობრივი გავრცელება სიმპტომია,მომავალი არეულობისა და ნგრევის სიმპტომი,რადგან გონების არეულობით იწყება სოციალური კატაკლიზმები.
იმასაც მივხვდი,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საღი აზრის გამოთქმასა და მის დამკვიდრებისათვის ბრძოლას.
ეს ამბავი დღევანდელ აბსურდულ სიტუაციებთან დაკავშირებით გამახსენდა.

რუსთავი 2-ის თავისუფალ სიტყვის დროშად გამოცხადება, “ციანიდის საქმე”, კომბლეს,ვეფხისტყაოსნისა და გალაკტიონის ჯეჯელავასებური ინტერპრეტაციები,რელიგიური ფანატიზმი და ლიბერალური ბოდვები(რომელი ერთი ჩამოვთვალო) ზუსტად იგივე სიმტომებია.
არც მაშინდელი იდეების წრეა დაძლეული,პირიქით ახალ-ახალ ვერესიებს ვადევნებთ თვალს,თუმცა მეინსტიმული აღარ არის.

საღი,პრაგმატული, განათლებული ადამიანების ერთობა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას,რომ ახალი ქაოტური მოვლენები თავიდან იქნას აცილებული.

არადა, ასეთი ერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ძალიან მცირეა.