მერია არ არის ის უწყება, რომელიც კარვების გასაშლელად რაიმე ოფიციალურ ნებართვას გასცემს

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, რადგან, როგორც ამბობენ, მერიასთან გუშინ გამართული აქციის დროს მათ დაცვის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულებს სხვა მოთხოვნაც აქვთ, ისინი მერიისგან კანცელარიის შენობასთან კარვების გასაშლელად  ნებართვას ითხოვენ.

დაზარალებულების მოთხოვნა გაუგებარია თბილისის მერისთვის. დავით ნარმანია ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა მერიისგან არ გაიცემა.

„თბილისის მერია იღებს მხოლოდ განცხადებას იმისთვის, რომ იყოს ინფორმირებული ქალაქში გასამართ სხვადასხვა საპროტესტო აქციებთან თუ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სხვა რაიმე წერილობითი ნებართვა, თანხმობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის მერიისგან არ გაიცემა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან ისინი თბილისის მერიასთან. თბილისის მერია არ არის ის უწყება, რომელიც კარვების გასაშლელად რაიმე ოფიციალურ ნებართვას გასცემს“-აცხადებს ნარმანია.