“გეგმა კეთდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, ეს არის ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე”

პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენებაზე, გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და განაცხადა, რომ ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ამავე დროს მისივე თქმით სჯობს თბილისის ცენტრში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას.

-„ ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპრტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასევე ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით დადასტურდება, რომ ეს იქნება საინტერესო პროექტი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ნაწილში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხარჯთეფექტურობისთვის.

ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ხარჯების ოპტიმიზირების. პრემიერი იდეის დონეზე ვერ იტყოდა, რა თქმა უნდა. განაშენიანების რეგულირების გეგმა თუ კეთდება, ე.ი. ტერიტორიაც იდენტიფიცირებულია. გეგმა კეთდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, ეს არის ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე. იქ არის გარკვეული ტერიტორია, სადაც, იმ შემთხვევაში თუ სივრცითი მოწყობის და ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთების ნაწილში პროექტის ეფექტურობა დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აშენებული” – განაცხადა მინისტრმა.