უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა

უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.  სხდომაზე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით იმსჯელეს და განიხილეს თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო. ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრეს.

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის სასახლე კომენტარის გარეშე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დატოვეს.

-“ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებისკენ მიმართული გეგმები და პროცესები, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. ბრიუსელის სამიტზე მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები არიან მიწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ კოორდინირებულად თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმა, პრეზიდენტმა ერთად იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით საქართველოს საკითხს მიექცეს შესაბამისი ყურადღება ამ სამიტზე” – განაცხადა მარგველაშვილმა.