საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თინათინ ხიდაშელი დღეს ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) წარმომადგენლებს და რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალის შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრაზე მხარეებმა სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის პროგრამაზე და ვიშეგრადის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პროგრამაზე ისაუბრეს. ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და აღიარებენ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უახლოეს მომავალში მიიღებს.

შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ მიგრაციისა და „ბრექსიტის“ ფონზე ევროკავშირში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სრული მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებთან ვარშავის სამიტის შედეგებზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. თავდაცვის მინისტრმა ვიშეგრადის ჯგუფის წევრებს ასევე მოუწოდა, აქტიურად დაუჭირონ მხარი „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას“.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ისინი ცალსახად გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, როგორც ვარშავის სამიტზე, ასევე ევროკავშირის ფორმატში და, ბუნებრივია, რომ ვსაუბრობთ იმაზე თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება და სად შეიძლება უფრო მეტად დავეხმაროთ ამ პროცესს წარმატებაში,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალისთან შეხვედრის დროს თინათინ ხიდაშელმა რუმინელ სტუმარს პირადად გადაუხადა მადლობა ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პროცესში შეუფასებელი მხარდაჭერისთვის.

„რუმინეთის დაუღალავი შრომის შედეგია შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერება და ვარშავის სამიტი ამ მხრივაც წარმატებული იყო. ერთი წლის განმავლობაში, სწორედ, რუმინეთთან მუშაობის შედეგად გახდა საქართველო ამ პლატფორმის წევრი. გამოვიყენე შესაძლებლობა, პირადად გადამეხადა მადლობა ქალბატონი ანასთვის. მან საკომიტეტო მოსმენები ჩაატარა თავის ქვეყანაში და რუმინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე მხარდამჭერი რეზოლუციაც გამოაქვეყნა,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დროს ანა ბირჩალმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს რუმინეთისგან ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებით, რუმინეთი მზად არის, ამ პროცესში საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მან შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუმინეთი არ დაიშურებს ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან ამ იდეის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

კომენტარის დატოვება