“არასდროს დამიმალავს, რომ ჩემთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება…”

 

“მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ მედიამონიტორინგის ანგარიშს, სადაც საუბარია 2016 წელს საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ჩვეულებრივ დაკვეთად აფასებს.

დეპუტატი თამარ კინწურაშვილს, რომლის წინააღმდეგაც სერიოზული პრეტენზიები არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში, უწუნებს კვლევის შედეგებს და მიაჩნია, რომ მასთან მიმართებაში სააკაშვილის დაკვეთების შემსრულებელი დეზინფორმაციას ავრცელებს.

„როგორც მითხრეს, კინწურაშვილს მეც ვყავარ დასახელებული, როგორც ანტიდასავლური გზავნილების და დეზინფორმაციის ავტორი სახელისუფლო პარტიიდან. ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია ყოფილი ხელისუფლების მეხოტბის მხრიდან მსგავს კონტექსტში ჩემი გვარის მოხსენიება. საჭიროდ არ ვთვლი, სერიოზულად ვუპასუხო ამ ბრალდებას, რომელიც, ვფიქრობ, ჩვეულებრივი დაკვეთაა და დამკვეთის თვალში ქულების ჩასაწერად მომზადდა. რაც შეეხება ციტატას, რომელიც მაგალითად ყავს მოყვანილი, ნამდვილად არ არის ანტიდასავლური.

ყველა ადამიანს ერთსქესიანთა ქორწინებაზე თავისი დამოკიდებულება აქვს. არასდროს დამიმალავს, რომ ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და ამ ქვეყნის შვილისთვის, მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხი ჟუნალისტის კითხვაზე: „არის ქვეყნები, სადაც გადაღებულია კლიპები – საბავშვო ბაღში შემოდის მასწავლებელი და ამბობს, აბა, ვის ჰყავს ორი მამა? და უკრავენ ტაშს. შემდეგ გამოდის ისევ და კითხულობს, აბა, ვის ჰყავს ორი დედა? და ისევ უკრავენ ტაშს. მე არ მგონია, რომ, აი, ის ბავშვები გაიზრდებიან ჯანსაღი და სრულყოფილი ფსიქიკის. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯიშს და ჩვენს მომავალს – რაიმე ფორმით არის ანტიდასალური განცხადება და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისი თქმით, დასავლეთში ძალიან ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია.

-“შესაბამისი კანონის გაუქმების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი საპროტსტო აქციებიც იმართება. რა, ისინი არ არიან ევროპელები?!.”

რაც შეეხება იმას, რამდენად სანდო იქნება ამ კვლევის შედეგები იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აკვირდებიან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაადგა.