“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს – გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ოცნების ოფისში გაიმართა.

“დღეს უმრავლესობის ფორმატში დეტალურად განვიხილეთ კონსტიტუციური პროექტი და ვიწყებთ ხელმოწერებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სახალხო განხილვების შედეგად მიღებული რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება,”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, დღესვე გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 5-იდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საერთო-სახალხო განხილვის ფორმატის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობას გააცნობს.