„ვაგრძელებთ თბილისელების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ ოთხი თვის ანგარიში წარმოადგინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა კომისიის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 25 აპრილის ჩათვლით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში კომისიის წევრებს ამავე კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით 4 თვის მანძილზე კომისიამ ექვსი სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

კერძოდ, დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის #1740 განკარგულებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2016 წლის სამოქმედო გეგმის”, 2016 და 2017 წლების თბილისის სამოქმედო გეგმების, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით არსებული საკითხები განიხილეს.

კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე ასევე კომისიის სხვა აქტივობების თაობაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. აქვე, კომისიის წევრებს შეახსენა წლების განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კომისიამ არაერთი სხდომა მიუძღვნა თბილისის სხვადასხვა რაიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სხვა ალტერნატიული საცხოვრებლის არმქონე ფაქტობრივი მფლობელებისა და მოსარგებლეებისათვის დაკანონების საკითხებს და სხვა.

როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ოთხი თვის მანძილზე კომისიის სახელზე საკრებულოში სულ 66 სხვადასხვა ხასიათის განცხადება შევიდა. მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონების, ბინის ქირითა და საცხოვრისით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სამშენებლო და სამართლებრივი დავების მოგვარების შინაარსის იყო. ყველა შეთხვევაში, კომისიამ შესაბამისი შუამდგომლობის განხორციელების მიზნით კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

ამასთან, 27 შეთხვევაში, კომისიამ სხვადასხვა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, კომპეტენტურ უწყებებს მიმართა კონკრეტული ინიციატივით თუ საჯარო ინფორმაციის მოწოდების თხოვნით.
სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კომისია მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში და ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან.

კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, ასევე თბილისის მერიასთან და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან.

სხდომის დასასრულს, გულიკო ზუმბაძემ კომისიის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, კომისია აგრძელებს თბილისელების წინაშე არსებული, თვითთმართველობის ორგანოთა კომპეტენციაში შემავალი პრობლემური საკითხების გაანალიზებას და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების მოძიებას.