ტყეში გავარდნილი ყაჩაღი თუ ქართველი რობინ ჰუდი?

მოამზადა დავით დოლიძემ

ვინ იყო სინამდვილეში სიმონა დოლიძე! ტყეში გავარდნილი ყაჩაღი თუ ქართველი რობინ ჰუდი?

“სიმონა დოლიძეს არ გავს ე მამაძაღლი?” ამბობს ილიკო ჩიგოგიძე ზურიკელაზე ნოდარ დუმბაძის გენიალურ მოთხრობაში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ალბათ არ არსებობს დუნიაზე გურული, ვისაც ამ საამაყო “კაძახის” სახელი არ გაუგია, რომელზეც შექმნილი სიმღერა უმდიდრესი ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი საგანძურია.
სიმონა დოლიძე დაიბადა 1885 წლის 18 დეკემბერს, სოფელ ამაღლებაში, გლეხის ოჯახში. მისი ძმის, სამუელის ნაამბობით, “ახალთაობის დროს რუსის ჯარი შემოვიდა და ოზურგეთი დაწვეს. ჯარი სოფლებში გეიფანტა.

მაშინ აქანა საწინააღმდეგო რაზმები იყო შემდგარი, მას მერე სიმონა დევნილი შეიქნა.” სამუელ დოლიძეს მხედველობაში ჰქონდა გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის შემოსევა 1905 წელს, რომელმაც ააოხრა ოზურგეთი და ბევრი სოფელი. ამ დროს სიმონა დოლიძე 20 წლის იყო. მისდამი მიძღვნილ ხალხურ ლექსშიც (რომელზეც მოგვიანებით სიმღერაც დაიწერა) ასეა თქმული: “პოლიცია დამედევნა ოცი წლის რომ შევიქენი, ჩემზე ხალხი იტანჯოდა, მაგრამ კარგიც ბევრი ვქმენი”.

სიმონამ მოკლა საკუთარი სოფლის, ამაღლების ორი მამასახლისი. პირველმა მათგანმა, წეროძემ, სოფლელებს უზარმაზარი გადასახადი შეაწერა. ფირალმა კი ხალხის ჩაგვრა არ აპატია და საკადრისად გაუსწორდა. წეროძის ადგილას დანიშნულმა კეკელიძემ კი სიმონას ცოლი დაიბარა და ქმრის გაცემა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი სახეში გაარტყა. რა თქმა უნდა, ფირალმა ვერც ეს მოითმინა და ერთ საღამოს დღეობიდან დაბრუნებული კეკელიძე გზაში მოკლა.
სიმონას ძმადნაფიცი იყო ცნობილი წითელრაზმელი მელქისედეკ ბურჭულაძე, რომელიც 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან 17 ტუსაღთან ერთად გაიქცა. მან 1910 წელს ილიკო იმერლიშვილთან და ერასტი ჯორბენაძესთან ერთად დასავლეთში გადაინაცვლა.

ისტორიკოსი ანტონ ხინთიბიძის წიგნში “გურული ფირალები” (1938) საინტერესო ცნობებია მოყვანილი. 1910 წლის 10 ივლისს, გურიის სოფელ გვინბალაურში, ლუკა ჩხარტიშვილის სახლში იმყოფებოდნენ სიმონა დოლიძე, ერასტი ჯორბენაძე, ილიკო იმერლიშვილი და იასონ (კიკია) მამულაიშვილი. ცნობისათვის, ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში წასულ გურულ მოჯირითეთაგან ერთ-ერთი გახლდათ. ის ერასტო ჯორბენაძის მეზობელი იყო. სწორედ ამ დღეს ის ამერიკაში სხვა გურულებთან ერთად ჯირითობდა “მილერ ბრაზერსის” შოუში, შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ ბედფორდში. მისი სახლი მიტოვებული იდგა და სწორედ ამიტომ შეარჩიეს მისი სახლი მთავრობისაგან დევნილმა “ყაჩაღებმა”.

ჩხარტიშვილის სახლში მყოფი ოთხეული მათივე კაცმა, ნიკოლოზ (კოლია) რეშეტნიკოვმა გაყიდა, რომელიც ორმაგი აგენტი იყო და მეფის მთავრობისთვისაც მუშაობდა. ოთხეულს მოულოდნელად სტრაჟნიკები დაადგნენ და სროლა ატეხეს. მათ მძიმედ დაჭრეს ერასტი ჯორბენაძე, რომელიც დაჭრილი დაიმალა, მაგრამ რეშეტნიკოვმა მიაგნო და სტრაჟას დაუძახა, “აქ არისო!”, თუმცა ჯორბენაძემ მას იმ წამსვე თავში ესროლა, ამის მერე კი თავი მოიკლა, ხოლო იმერლიშვილმა, მამულაიშვილმა და დოლიძემ გაქცევა მოახერხეს. რეშეტნიკოვი მეორე დღესვე გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.

ილიკო იმერლიშვილმა გურიაში ცოტა ხანს დაჰყო. ჯორბენაძის სიკვდილიდან იგი მალე ტიფლისისაკენ გაეშურა. სიმონა და მელქისა ბურჭულაძე დაახლოებით 1 წელი გურიაში ერთად დარჩნენ, მერე რევოლუციური საქმიანობისათვის აჭარაში, კერძოდ ბათუმში (იმ დროს ბათომი) წასვლა გადაწყვიტეს. გზად ნატანებში გაჩერდნენ მოსასვენებლად, სადაც სიმონას ბიძაშვილმა, ანდრო დოლიძემ შეიფარა თავის ნალიაში (იგივე სასიმინდე). თურმე სიმონას მისთვის ფული მიუცია და საჭმლის მოტანა დაუვალებია.

მან არ იცოდა, რომ ანდრო მთავრობასთან იყო შეკრული. მან ურიადნიკ ივანე ჯაფარიძეს გაუარა და უთხრა, სიმონა და ბურჭულაძე აგერ მყავს, ნალიაშიო, შემდეგ კი ვითომც არაფერი, პური იყიდა და სახლში დაბრუნდა. თურმე, მელქისედეკი ნერვიულობდა, გული ცუდს უგრძნობდა და სიმონას სთხოვდა, ადგილი გამოვიცვალოთო, მაგრამ ასე არ მოხდა. შუა პურის ჭამისას ძმადნაფიცებს ივანე ჯაფარიძე დაესხა თავს ჯარითურთ. სიმონა თურმე მყისვე იარაღს დასწვდა, მაგრამ თურმე ანდროს ჩუმად დაეშალა მისი იარაღი და გაპარულიყო.სიმონამ მეორე იარაღი ამოიღო და პირველი გავარდა ნალიიდან. ის მძიმედ დაჭრეს, მაგრამ მან მოასწრო ურიადნიკის საიქიოს გაყოლება. ბურჭულაძემ გაქცევა მოახერხა.

თურმე ივანე ჯაფარიძე სიმონას მოკვლისთვის ორდენსა და ოფიცრის წოდებას ელოდა. ამაზე წერია სიმონასადმი მიძღვნილ ლექსშიც: “ჯაფარიძე ურიადნიკი ამ ჩემ გვერდზე მოვიწვინე, მგელივით ავაღრიალე აფიცრობის მომლოდინე”, ასევე “თურმე ოქროს ჯვარს ელოდა ვაჟბატონი ჩემს სიკვდილზედ, მაგრამ თავზე წავიკალი, მე ვარ სიმონა დოლიძე”. ეს ამბავი 1911 წლის 25 სექტემბერს, შუადღის 14:00 საათზე მოხდა. ასე იტყობინებოდა გაზეთი “კოლხიდა”.
რაც შეეხება მელქისედეკ ბურჭულაძეს, მან ბოლომდე გააგრძელა თავისი საქმიანობა.

იგი ვაჟკაცი და გულადი ადამიანი იყო. როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მყის თურქეთის ჯარი გადმოვიდა საზღვარზე, დაიკავა რა აჭარა და გურიის დიდი ნაწილი, თან მხარს ინგლისური ჯარებიც უჭერდნენ (ინგლისი გაბატონებული იყო კავკასიაზე ამ პერიოდში) მელქისა იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 1918 წელს იგი ინგლისელ ჯარისკაცებთან შეტაკებისას დაიღუპა.

სათაყვანებელ სიმონა დოლიძეს მოგვიანებით გურულებმა ლექსიც კი მიუძღვნეს:

ძმაბიჭებში დაჩაგრული
მე ვარ სიმონა დოლიძე
შვიდი წელი შემისრულდა
არ მძინებია ლოგინზე.

უბედურად დადგა ჩემთვის
1911 წელი
გამიწყდაი ბედის ძაფი
გადარჩენას აღარ ველი

წუხელ ძილში დამესიზმრა
ვითომ წელს მეხვია გველი
ვეცადე, ვერ მოვიშორე
ისე შემეშალა ხელი

პოლიციამ შემიძულა
ოცი წლის რომ შევიქენი
ხალხი ჩემგან იტანჯოდა,
მაგრამ კარგიც ბევრი ვქენი

მოღალატეს თვალებს ვთხრიდი
მძულდა ხუცესი და ბერი
არსად აღარ გამიშვია
სადაც შემხვდა მუშის მტერი

რაც ყაჩაღად გადავედი
სულ ვიცოცხლე ექვსი წელი
მოღალატე-გაიძვერა
მოვაშორე ხალხსა ბევრი

ამოდიოდნენ სტრაჟები
მეძებდნენ მაღლა გორებზე
დაბრუნებული ხალხს სცემდნენ
…??????????????????????

გავიგე ვერ მოვითმინე
უბრალო ხალხის ცემაზე
ვინც შემხვდა ყველა დავგლიჯე
სისხლი გადვივლე ენაზე

მინდოდა რომ დავსთხოვოდი
ღვინით და ოტკით თრობასა,
დავლევდი, ის მე მავნებდა
გზებში ავსტეხთი სროლასა.

ნატანებში გავემგზავრე
ცოტა მუხლები მტკიოდა
ცოცხალი ვერ დავბრუნდები
გული ასე მიჩიოდა

იქ შევედი ნალიაში
ეს მხოლოდ ანდრომ იცოდა
ჩემთან იყო ბურჭულაძე,
ის ვინც ჩემთან იფიცოდა

გზაში მეტად დავიღალე
თან დამისუსტდა გულია
ანდროს ვთხოვე გამეგზავნე
მიყიდე ცოტა პურია

ამოვიღე და მივეცი
რაც რომ მშიოდა ფულია
არ ველოდი მისგან ღალატს
ძმად მყავდა შეფიცულია

ჯაფარიძე ურიადნიკი
ცნობილია გურიაში
ამ ჩემს ანდროს შეხვთენოდა
სტრაჟნიკებით მერიაში.

მაშინვე მათ მოახსენა
ყაჩაღი მყავს ყანაშიო,
ეხლა არის ნალიაში
ვერ გადიან დღე კარშიო

[ანდრომ უთხრა თურმე მაშინ
ფირალი მყავს ნალიაში
აუცილებლად დაიჭერთ
დღე ვერ გამოდიან კარში]

ვუყურეთ აღარ გამოჩნდა
დაგვიგვიანდა სადილი
ბურჭულაძე მეუბნება
გამოვიცვალოთ ადგილი

თურმე ანდრომ აისრულა
დიდი ხნის გულის წადილი
ღალატს თუ გამიკეთებდა
მე არ ვიცოდი ნამდვილი

გავიხედეთ მოდიოდა
გულზე დაგვესო ნემსია
სადილად დავჯექით თვარა
სტრაჟები შემოგვესია

[გავიხედეთ, თავს დაგვესხა
ჩაფრები შემოგვესია]

ისე დაგვაყარეს ტყვია
როგორც წვიმა და მეხია
გადმოხტომის ხანს მესროლეს
მომტეხეს ორივ ფეხია

უცებ აზრი მოვიკრიფე
მასთან ძალა შევიძინე:
ერთი ტყვია გავისროლე
თან გემოზე გავიცინე

ჯაფარიძე ურიადნიკი
ამ ჩემ გვერდზედ მოვიწვინე
მგელივით ავაღრიალე
ოფიცრობის მოლოდინე

აწ მშვიდობით ძმაბიჭებო
ნუ იქნებით ჩემს ლოდინზე
სირცხვილჭმული არ მოვმკვდარვარ
მე ვარ სიმონა დოლიძე

ჩემს მტერს პასუხი გაეცით
ფეხი არ დამადგათ გულზე
ლექსს გიტოვებთ სამახსოვროდ
დაამღერეთ ის ჩონგურზე.

სხვათაშორის მეც სიმონა დოლიძის შთამომავალი ვარ…!