დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის

არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. პრემიერმა წვევამდელებს, საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში.

“არ არსებობს იმაზე მეტი პატივი ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი ჯარისკაცების სახელს. ჩვენო ჯარისკაცებო მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ქვეყნის ზნეობრივ კოდექსად იქცა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.