პროკურატურის მუშაკთა ქცევის ეთიკის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა

პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა. მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული ეთიკის ახალი კოდექსი  საქართველოს მთავარმა პროკურორმა ,,პროკურატურის შესახებსაქართველოს კანონის  შესაბამისად დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრს წარუდგინა, რომელიც  2017 წლის 25 მაისს   დამტკიცდა და გამოქვეყნდა.

ეთიკის ახალი კოდექსი, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის ქმედებები, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. გარდა ამისა, ეთიკის ახალი კოდექსი  დისციპლინურ გადაცდომებს სიმძიმის ხარისხის მიხედვით ყოფს და აკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ამა თუ იმ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ გამჭვირვალეს ხდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. ეთიკის ახალ კოდექსში შესული ცვლილებებით პროკურატურის მუშაკის ქმედებები კიდევ უფრო მეტად ექცევა ეთიკის ჩარჩოებში, რაც საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელის მიმართ გამოცხადებული ნდობის როგორც განმტკიცებას, ასევე  მის ამაღლებას  შეუწყობს ხელს. ეთიკის ახალი კოდექსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში მოხდა პროექტის გაცნობა პროკურატურის თანამშრომლებისთვის და კოდექსის შემუშავებისას  მათი აზრი მაქსიმალურად იქნა  გათვალისწინებული. ეთიკის კოდექსის პროექტი მოწონებული იქნა როგორც საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ. კოდექსის პროექტმა ასევე გაიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე სპეციალისტთა ექსპერტიზა. თითოეულმა მათგანმა პოზიციის დაფიქსირების დროს მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსით ეთიკის ახალი კოდექსის მიღება და ამოქმედება საქართველოს პროკურატურის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პრინციპების, პროკურატურის თანამშრომელთა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით.

ეთიკის ახალი კოდექსის შინაარსის განჭვრეტადობის და ერთიანი პრაქტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა  პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსის კომენტარების შექმნას გეგმავს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პროკურატურის მოქმედი შინაგანაწესის შეცვლისა და მისი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს გაწეული მნიშვნელოვანი საექსპერტო მხარდაჭერისთვის.