სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებს

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებს. მისი განცხადებით, ჯანელიძის უწყებამ უნდა განმარტოს, რა ზომები მიიღო  ქართულმა მხარემ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთში ჩასული ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის განცხადებაზე.

რამდენიმე კვირის წინ ჰელბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რამაც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ქართულ ოფიციალურ მხარეს განმცხადებლისთვის პასუხი არ მოუთხოვია.

განცხადება ქალბატონმა სალომემ პარლამენტში  ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის განიხილვის დროს გააკეთა. დოკუმენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას ასახავს, სადაც ქართული მხარე გმობს რუსეთის ანექსიას.

სალომე ზურაბიშვილი რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს მანამ, სანამ საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ მივა და ზალბერის განცხადებაზე განმარტებას არ გააკეთებს.

სხდომის მსვლელობისას “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ კოლეგებს რუსეთში ჩასვლა და რუს მაღალჩინოსნებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, როგორც აბაშიძის ფორმატს არ ჰქონდა არანაირი შედეგი, და არ დათბა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები, ასევე იქნება მომავალშიც, რადგან რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.