ანტიკორუფციული ბიუროს წევრები, სამინისტროებსა და მერიაში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებას ითხოვენ

პარტია „ახალი საქართველოს“ ანტიკორუფციული ბიუროს წევრები, სამინისტროებსა და მერიაში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებას ითხოვენ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აუდიტისთვის გამოყოფილი მილიონობით დაფინანსება უშედეგოა და სამსახურები არაეფექტიანად მუშაობენ.

„ჩვენი ინიციატივაა, გამოცხადდეს ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო იურიდიული კომპანიები. ამ ინიციატივის საშუალებით გამოირიცხება მიკერძოებულობა და შემცირდება დანახარჯები“,- ცხადებს პარტიის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი.

პარტიამ დღესვე წარმოადგინა 15 თვის განმავლობაში 9 სამინისტროსა და თბილისის მერიის დანახარჯები, რაც მათი ინფორმაციით, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, 4 279 778 ლარს შეადგენს, აქედან 1 506 588 ლარი პრემია-დანამატია.

პარტიის ინფორმაციით, პრემია-დანამატის კუთხით, დედაქალაქის მერია ლიდერობს. 1 222 568 ლარიანი დანახარჯიდან 308 636 ლარი პრემია-დანამატია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარტიამ „ანტიკორუფციული ბიურო» შექმნა.

ბიუროს მთავარი მიზანი, კორუფციული ფაქტების გამოვლენა და მისი დამარცხებაა.  დღევანდელ ღონისძიებაზე, პოლიტიკური პლატფორმის წევრებმა, სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებზე ისაუბრეს. განიხილეს ის საქმეები, რომელიც 3 წლიანი მუშაობის პერიოდში, მათი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი იქნება. ბოლო 3 წლის განმავლობაში, “ახალი საქართველოს” გუნდის მიერ ჩატარებულია 119 კვლევა. შედეგად, აღმოჩენილ კორუფციულ ფაქტებზე დაკავებულია 11 თანამდებობის პირი, ათობით საჯარო მოხელეს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.