„მინდა მადლობა გადავუხადო NDI-ს, რომელიც გვეხმარება და ყველანაირად გვიჭერს მხარს“

„შესანიშნავია, რომ საქართველოში გვაქვს საბჭოს შეხვედრა და გვაქვს შესაძლებლობა, მოვისმინოთ, რა ხდება პარლამენტში“, – განაცხადა  NDI-ის თავმჯდომარემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა. ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრებმა საქართველოს პარლამენტში გამართეს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილსა და აშშის ყოფილ სახელმწიფო მდივანს,  მადლენ ოლბრაიტს და ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის დღეს გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) საქართველოში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო NDI-ს, რომელიც გვეხმარება ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში, გენდერული საბჭოს შესაძლებლობების გაზრდაში, საჯარო შეხვედრების ორგანიზებაში და  ყველანაირად გვიჭერს მხარს. ჩვენ ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ და  მაქსიმალურად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2017 წელს დაგეგმილი ღონისძიებები და კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო საქმიანობაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის ზრდისკენ არის მიმართული.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭომ  აქტიურად დაიწყო წლევანდელი სამოქმედო გეგმის განხორციელება.  მან საბჭოს მუშაობის პოზიტიურ ასპექტებზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე  და ამ მიმართულებით რამდენიმე მათგანი გამოყო:

ერთ-ერთი დიდი მიღწევა არის ახალი პარაგრაფი, რომელიც დაემატა კონსტიტუციას და რომელშიც საუბარია ქალთა უფლებებზე. მნიშვნელოვანია ასევე სტამბულის კონვენციის მიღება, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ და რომლის რატიფიცირება საქართველომ უკვე მოახდინა.  შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კანონმდებლობის ხარისხი ამ მიმართულებით,“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.  მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭო გენდერული თანასწორობის კუთხით თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობს: „პარლამენტის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა კუთხით თანასწორობის დამკვიდრებას,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრაზე გენდერული საბჭოს საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და სტუმრებმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან. ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის გაძლიერებაში და თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო NDI-ს გაწეული წვლილისთვის და გენდერული საბჭოს მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„პარლამენტი არის სწორედ ის სტრუქტურა, რომელიც უნდა ცდილობდეს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას საკანონმდებლო ორგანოში და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოხარულია მხარი დაუჭიროს თქვენს მუშაობას. ჩვენ ნამდვილად წარმოვადგენთ ქალთა გლობალურ მოძრაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ქალთა ჩართულობა და აქტივობა ძალიან ბევრს სძენს ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას.

„ჩვენ  მოხარულები ვართ, რომ თქვენგან მოვისმინეთ პროგრესის შესახებ და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს პროცესები მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას ყველა სფეროში. NDI მოხარულია, რომ ამ საბჭოს მუშაობას უჭერს მხარს,“ – განაცხადა NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნენსი რუბინმა.

დღევანდელ შეხვედრაზე NDI-ის თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს და NDI-ს მმართველი  ჯგუფის წევრებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ  საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელზეც საბჭო აქტიურად მუშაობს.

ირინა ფრუიძემ საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე  ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ღია და გამჭვირვალე მმართველობა, ეს არის პირდაპირი გზა დემოკრატიისკენ და საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საპარლამენტო ღია მმართველობას შეუერთდა. „ამგვარი საბჭოს არსებობა საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს დემოკრატიის დიდი წარმატება და მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

„ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ დიდმა პროგრესმა, რასაც თქვენ მოკლე დროში მიაღწიეთ. მისასალმებელია თქვენი სიმტკიცე და ძალისხმევა ღიაობის და პარტნიორობის თვალსაზრისით,“- განაცხადა NDI-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომას დაშელმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრა შეაფასა. „დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით  NDI-ს მმართველ ჯგუფს, რომელსაც  ქალბატონი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ გავაცანით გენდერული საბჭოს საქმიანობა, ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი გენდერული საბჭოს კუთხითღია მმართველობის საბჭოს საქმიანობის შესახებ.

ეს არის ის ორი მიმართულება, რომელშიც NDI-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.  მათი სურვილი იყო, რომ დეტალურად მოესმინათ ჩვენი საქმიანობისა და იმ დახმარების შესახებ, რომელსაც ეს ორგანიზაცია  გვიწევს,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მადლენ ოლბრაიტმა შეაფასა დღევანდელი დღე და შეხვედრები საქართველოს პარლამენტში:  „ეს არის NDI- ერთერთი საუკეთესო პროგრამა. შესანიშნავია, რომ საქართველოში  გვაქვს საბჭოს შეხვედრა და გვაქვს შესაძლებლობა, მოვისმინოთ, რა ხდება პარლამენტში. ჩვენ გვქონდა ოფიციალური შეხვედრები დღის განმავლობაში, რაც შესანიშნავია. მოველით ჩვენი ვიზიტის გაგრძელებას,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ NDI-ის თავმჯდომარემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის,  მადლენ ოლბრაიტის და ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრების ვიზიტი, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საქართველოს მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვებას და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები საქართველოში ხუთ დღეს დაჰყოფენ.