ახალი კლინიკა და კულტურის ცენტრი მცხეთაში

ახალი სამედიცინო ცენტრი მცხეთაში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100–საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა – „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი” ამოქმედდა. რებილიტირებული სამედიცინო დაწესებულება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია. კლინიკა დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით. კლინიკაში დასაქმებულია 250–მდე ადამიანი.

მცხეთის სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ისარგებლოს უფასო და შეღავათიანი სამედიცინო სერვისით. კლინიკაში მუშაობს 24– საათიანი გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

ახალი სამედიცინო დაწესებულება გათვლილია, როგორც მცხეთა მთიანეთის რეგიონის სამხარეო საავადმყოფო.

მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450–კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო  დარბაზები,  საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.

2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.

მცხეთაში მყოფმა პრემიერ–მინისტრმა ასევე დაათვალიერა სპორტულ– გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი მოიცავს 2 საცურაო აუზს და დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს. მცხეთის სპორტულ– გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.