სხდომათა დარბაზში მარტოდ დარჩენილი უმრავლესობა

საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტში ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით არის დემაგოგია.

“როდესაც აღარ გაქვს არგუმენტები, ამასთან, გარდა საკონსტიტუციო კომისიისა, ხალხი და ვენეციის კომისია გეუბნება, რომ შენი ლოგიკა ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა, ერთადერთი გზა პროცესის დისკრედიტაციისთვის არის ბოიკოტი. თან თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება – ეს არის ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილების მოკლე აღწერა. გარდა ამისა, როდესაც აცხადებ, რომ არ ენდობი მმართველ გუნდს და მას მარტო ტოვებ დარბაზში კონსტიტუციის განხილვისას, ეს ნიშნავს, რომ ან იტყუები და იცი რომ, მართლაც საუკეთესო კონსტიტუცია იწერება, ან საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი თვლის, რომ კომპრომისი მიღწეულია, თუმცა ცუდია, რომ პარტიები ამ განხილვებში არ იღებენ მონაწილეობას.

„კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მძიმე იყო. სამწუხაროა, რომ ბოლოს მაინც მივიღეთ ის სიტუაცია, როდესაც სხდომათა დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები.

კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მძიმე იყო. ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბევრი რამ იყო დათმობილი პარტიებთან მიმართებაშიც. არასამთავრობოების რეკომენდაციებით უამრავი რამ იყო გათვალისწინებული. სამწუხაროა, როდესაც სხდომათა დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანი სწორედ ეს იყო“-აცხადებს ჩუგოშვილი.

მისივე განცხადებით, რადგან უმრავლესობას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს სამართლებრივი უფლება იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. სამართლებრივ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არის.