ბექა დვალი კონგოში ოსორაულთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

​კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სოსო ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარებაა. ინფორმაცია საგარეო უწყების ვებგვერდზე ვრცელდება.

“ამ ვიზიტის და შეხვედრების ძირითადი თემა იყო ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის  იოსებ ოსურაულის ირგვლივ შექმნილი ვითარება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება, რაც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქის ბედს. ყველა იმ სუბიექტის მხრიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით, კონგოს სამოქალაქო დაწესებულება თუ სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე მონუსკო – გაეროს მისია და წითელი ჯვარი, ყველა მხრიდან მივიღეთ იმის დაპირება, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა დაზუსტდეს ჩვენი თანამოქალაქის ბედი და გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე  ვფლობთ… კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო, ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა.

სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.